სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ნევროლოგიური და ფსიქიკური პათოლოგიები, მათ შორის, ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. ამის შესახებ ნევროლოგმა თენგო წულაძემ ისაუბრა, რომელმაც ბრიფინგზე წარადგინა სამედიცინო დასკვნის ძირითადი მიგნებები.
"პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, ესაა მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, გამოხატულია ანემი. ფსიქიკური თვალსაზრისით, გამოხატულია ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა.
ჩვენი რეკომენდაციები თავიდანაც იყო ფსიქოთერაპიის კურსის შესახებ, მაგრამ არ შესრულდა. ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს. ფიზიკური რეაბილიტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნევროლოგიური დაავადებები არ მთავრდება ერთ დღეში, ან ერთ კვირაში. რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესიაც და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც", - განაცხადა ექიმმა თენგო წულაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტრავმა მიიღო პენიტენციურ დაწესებულებაში, "ყველაზე მეტად გლდანში". აქედან გამომდინარე, კონსილიუმი მხარს არ უჭერს მის გლდანის ციხეში დაბრუნებას:
"პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც იმ სტრესს არ აგონებს ადამიანს, სადაც სტრესი მიიღო", - თქვა ექიმმა და დაამატა, რომ აქ იგულისხმება ე.წ. შუმოკები, სხვა პატიმრების მხრიდან, ასევე გლდანის ციხეში მისი გადაყვანის დროს მიღებული სტრესი.
ფსიქიატრმა მარინე კურატიშვილმა, ასევე არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია "ფარმაკოლოგიურ წამებაზე" და თქვა, რომ ამის ნიშნები პაციენტს არ ჰქონდა.
"არ ვადასტურებ, მე ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. ბატონი მიხეილი მხოლოდ ერთხელ და იმ ნახვისას და იმ ნახვისას ბატონ მიხეილს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. ასე რომ ვერ დავადასტურებ. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს ნიშნებს, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება სურდა", - აღნიშნა მან.
ფსიქიატრმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით თქვა, რომ ჯერ უნდა ჩამოიწეროს თუ რა სჭირდება და მერე უნდა შეფასდეს რამდენად შესაძლებელია ამ საჭიროებების ჩვენს ქვეყანაში დაკმაყოფილება:
"დღეს, ჯერჯერობით, მწვავე მდგომარეობა აქვს, შეიძლება ითქვას და როდესაც ჩატარდება, მკურნალობა და ფსიქოთერაპიაც მიეშველება, ვნახოთ რა მდგომარეობაში იქნება ბატონი მიხეილი და მერე შევაფასოთ, კიდევ რა სჭირდება და რამდენად შეიძლება, ეს ჩვენს ქვეყანაში გაკეთდეს", - თქვა ექიმმა.
ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონსილიუმმა 12 დეკემბერს მოინახულა მიხეილ სააკაშვილი გორში, მათ სრულყოფილად გასინჯეს პაციენტი და გაეცნენ სამედიცინო ჩანაწერებს.
მომზადდა 9 ექიმის სამედიცინო დასკვნა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, მათგან ერთი იქნება საჯარო.